26 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
შემთხვევით არ ხდება არასდროს დასანქცირება, ბრალდებები იმდენად სერიოზულია, უსაფრთხოების სამსახურს აქამდეც უნდა გამოეძიებინა ეს ყველაფერი - თამარ კორძაია ფარცხალაძეზე

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციას მოლოდინი აქვს რომ, უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია სიას გააფართოებს. მმართველი გუნდის ოპონენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფარცხალაძეს 2013 წლიდან ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. ყველა სახელმწიფო ყველა სტრუქტურა კი, რომელიც სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, გამართულად მუშაობს და ამას უცხოელი პარტნიორებიც ადასტურებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკასთან უკვე 10 წელია არავითარი შემხებლობა არ აქვს. 

"ძალიან საინტერესოა, ФСБ-ს მეშვეობით ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. თქვენ სადმე გინახავთ მაგის განცხადება, ან რამე ტელევიზია აქვს? არასამთავრობოები აქვს? პოლიტიკური ძალა ყავს? თუ აი რა აქვს? ხდება ადამიანის დასანქცირება და რადგან საქართველოს მოქალაქეა ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს. კიდევ ვიმეორებ 10 წელია ამ ადამიანს არაფერთან არ აქვს შეხება, ეს არის ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დაააზიანოს," - აცხადებს ქადაგიშვილი. 

განსხვავებული პოცია აქვს ოპოზიციას. ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ აუცილებელია საკითხის გამოძიება.

პარლამენტის წევრი თამარ კორძაიას თქმით, დასანქცირება შემთხვევით არ ხდება.

"შემთხვევით არ ხდება არასდროს დასანქცირება, რადგან სუსმა მოკვლევა დაიწყო, ეს არ არის დამაიმედებელი. ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქამდეც უნდა გამოეძიებინა ეს ყველაფერი," - აცხადებს თამარ კორძაია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ფარცხალაძე რუსეთის ФСБ-სთან დაკავშირებული პირია. 

"მძიმე ფაქტია, ფარცხალაძე უბრალო მოქალაქე არ იყო და ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ყველამ კარგად იცის. რა მიზეზებსაც ვკითხულობთ, ეს არის რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირი, ეს წერია შავით თეთრზე და ამას ვკითხულობთ ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე, როგორც ჩანს უარესს უნდა ველოდოთ," - აცხადებს ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები