26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთარ ფარცხალაძის საქმის მოკვლევას იწყებს - მის დასანქცირებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა

საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსურ სანქციებში მოხვდა. ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელსაც ვაშინგტონი ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო სანქციების პირობებს ასრულებს და ამ კუთხით პარტნიორებში შეკითხვა არ არსებობს. მთავრობის წევრის თქმით, აღიარებულია ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი კომპანია, რომელიც შეზღუდვებს გვერდს უვლის.

ოთარ ფარცხალაძე შტატების ახალ სასანქციო პაკეტში 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან ერთად მოხვდა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიის მხრიდან კითხვა დაისვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერთანაც. მეთიუ მილერს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან დამოკიდებულებას არ შეცვლის.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მეტ დეტალს, შესაბამისი სამსახურებისგან ელოდებიან. ”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს 2013 წლიდან ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგებით გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ფარცხალაძე ხელისუფლებაში გავლენებს ისევ ფლობს და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. საკითხის შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი გამართულად მუშაობს და ამას უცხოელი პარტნიორებიც ადასტურებენ, მაგალითად, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორების ჯგუფის თბილისში ვიზიტი და მათი დასკვნა მოჰყავთ. შტატების გადაწყვეტილებაში სულ სხვა პოლიტიკური დაინტერესება დაინახეს ”ხალხის ძალის წევრებმა”.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის გარდა მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები. ფარცხალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ქართველ-რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდა, რათა გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშჩენკოსაც, რომელიც ამ სამსახურის ანუ "ეფესბეს" ოფიცერია. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ონიშჩენკო დაეხმარა სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც.

 

დღის ამბები