26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" თავისი შეხედულებისამებრ უყურებს ამ საკითხის სამომავლო განხილვას - ლევან ბეჟაშვილი დეოლიგარქიზაციის პაკეტთან დაკავშირებით

დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის განხილვა მომავალ კვირიდან დაიწყება. მეტი დეტალი ცნობილი სწორედ ამ დროს გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ევროკომისიის რეკომენდაციებით შემუშავდა.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, დოკუმენტს არ იცნობენ, ამიტომ წინასწარ დასკვნების გამოტანა უჭირთ, თუმცა განმარტავენ, რომ სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, როგორც პარტნიორების რეკომენდაცია, ასევე ოპოზიციის მოთხოვნაც იყო.

"ვფიქრობ, "ქართული ოცნება" საბოტირებას ახდენს ამ პროცესის და განზრახ, საგანგებოდ ცდილობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. დეოლიგარქიზაციის პაკეტთან დაკავშირებით, არ გაწეულა კონსულტაციები არც ოპოზიციასთან, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც კვლავ ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავისი შეხედულებისამებრ უყურებს ამ საკითხის სამომავლო განხილვას. ნავარაუდევია, რომ დღეს, პარლამენტში გადმოიგზავნება შესაბამისი ინფორმაცია და გვექნება დოკუმენტი, მაგრამ წინასწარ რამის თქმა რთულია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"გირჩის" წევრის ჰერმან საბოს თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დათქმებით და ეს დათქმები იქნება სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები.

"მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება რომ იყოს, კანდიდატის სტატუსს, ალბათ, არ მოგვცემდნენ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. მათ შორის, იმ ნაწილშიც, რომ საქართველო ვინმეს წარმოდგენაში არ დარჩეს, როგორც ევროპისგან მიტოვებული ან რუსეთის ორბიტაზე გამაგრებული ქვეყანა. ამ ნაწილში, ევროპელები მგონია, რომ თავის სიტყვას იტყვიან, თუმცა მგონია, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ დათქმებით. ჩემი აზრით, ეს დათქმა უნდა იყოს ორი, პირველი ეს არის სამართლიანი სასამართლოს დათქმა და მეორე, სამართლიანი არჩევნების დათქმა", - განაცხადა ჰერმან საბომ.

პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, "ქართულმა ოცნება" ისე არია სიტუაცია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რამის წინასწარ პროგნოზირება ძალიან რთულია.

"12 რეკომენდაციიდან 9 არ არის შესრულებული და შესაბამისად, ეს ძალიან რთული ვითარებაა. პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ნიშნავს იმას, რომ ვითარება კიდევ უშრო დამძიმდა. "ქართულმა ოცნებამ" ისე გააფუჭა ვითარება და ისე არია სიტუაცია, რომ ძალიან რთულია რეალური მოლოდინების გათვლა ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი შეიძლება, რომ გვქონდეს სურვილები მოგვანიჭონ სტატუსი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები