26 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
პრემიერის ინიციატივა შეეხებათ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს და არა შეწყვეტილი - გიორგი ამილახვარი

პრემიერის ახალი ინიციატივა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულებასთან დაკავშირებით, 30 000 სტუდენტს შეეხება. სტუდენტები პრემიერის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული სტიმულია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა უპრეცედენტოა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა ნამდვილად უპრეცედენტოა. ეს შეეხება თითქმის 30 000-ზე მეტ სტუდენტს, იმ სტუდენტებს, რომლებსაც დავალიანების გამო ჰქონდათ სტატუსი შეჩერებული. მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი 4000-ზე მეტი სტუდენტია და მათ შეეძლებათ უკვე აღიდგინონ სტატუსი და განაგრძონ სწავლა," - აცხადებს ჯაბა სამუშია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ინიციატივა შეეხებათ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ და არა შეწყვეტილი.

"პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, ვიტყოდი რომ ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მსგავსი არაფერი გვახსენდება ბოლო წლებში საქართველოში, ასეთი მხარდაჭერა სტუდენტებს. სტატუსის შეჩერების ვადა, კანონის შესაბამისად არის 5 წელი. 5 წელი აქვს სტუდენტს უფლება, რომ ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო შეიჩეროს სტატუსი. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ბუნებრივია, 5 წელი რადგან 5 წლის გასვლის შემდეგ იცით, რომ სტუდენტს უწყდება სტუდენტობის სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდებით ამის მოპოვება. ამიტომ, მაქსიმალური ვადა, რაც არის გათვალისწინებული კანონით, არის 5 წელი და, შესაბამისად, ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი და არა შეწყვეტილი სტატუსი, რადგან შეწყვეტილზე გასაგებია, რომ აზრი აღარ აქვს ამას, რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ და ასეთი პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 30 000 ადამიანია,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები