26 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ჩვენ არა თუ შევალთ სხდომათა დარბაზში, არამედ თითოეული ჩვენგანი წითელ ღილაკს დააჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს - ანა ბუჩუკური

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებენ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ხმას პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცემს.

მისი თქმით, ხელისუფლება იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ცდილობს, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კომუნიკაციას ცდილობს, რათა დაარწმუნოს, რომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს საქართველომ.

"ჩვენ არა თუ შევალთ სხდომათა დარბაზში, არამედ თითოეული ჩვენგანი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მივცემთ ხმას, რომელსაც ხელისუფლება თავს ესხმის იმიტომ, რომ ადამიანი ითხოვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კომუნიკაციას, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. რა თქმა უნდა, წითელ ღილაკს დააჭერს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი პრეზიდენტის იმპიჩმენტს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, ეს არის იმის დადასტურება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს იმედი, რომ გააკონტროლებს საკუთარ დეპუტატებს. ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ისინი კენჭისყრის პროცესს დაესწრებიან თუმცა მონაწილეობას არ მიიღებთ.

"ამ პროცეს რომ ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი. ეს არის "გირჩის" ციფრული ვალუტა, შეუძლიათ იგივე ღირებულების ამერიკულ დოლარზე დამენიძლაონ. შესაბამისად დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს. მონაწილეობას არაფერში მივიღებთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები