26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
სააკაშვილი სადაც დაფრინავდა, მერწმუნეთ, მთელმა საზოგადოებამ იცოდა, ფრენები ემსახურებოდა საქართველოს განვითარებას - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სააკაშვილის ფრენები ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა.

"სააკაშვილი სადაც დაფრინავდა, მერწმუნეთ, მთელმა საზოგადოებამ იცოდა ყველა მისი გადაადგილების წერტილი. შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩადიოდა, რა მიზნით ჩადიოდა. ზუსტად ვიცი, ეს ფრენები ემსახურებოდა საქართველოს განვითარებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი კი, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

"ის ხელისუფლება აღარ არის 12 წელია. 12 წელია "ქართულ ოცნებას" შეეძლო აღეძრა შესაბამისი საქმეები. აგერ ორი წელიწადია უკვე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის და თუ რაიმე დამატებითი დანაშაული იყო მის წინააღმდეგ, ალბათ ორ წელიწადში მოძებნიდნენ," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

 
 
დღის ამბები