26 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ეს არის პროვოკაციის შემცველი ტყუილი, ამასთან, აშშ-ის საელჩოში რაღაც შეიცვალა, მისასალმებელია, რომ პირველივე წუთებში მოახდინეს მყისიერი რეაგირება ამ დეზინფორმაციაზე - მამუკა მდინარაძე სამხედრო ბაზებზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რაც მისასალმებელია.

მდინარაძის თქმით, ასეთი რეაგირება, საზოგადოების სწორ ინფორმირებულობას უწყობს ხელს.

"ეს არის უდიდესი პროვოკაციის სურვილის შემცველი ტყუილი, როდესაც ასეთ საკითხებს ასე უბრალოდ ეხებიან, საუბრობენ სამხედრო ბაზებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ამ დროს, უსაფრთხოების რისკებს თავად ზრდიან.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩანს აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში რაღაც შეიცვალა. უდაოდ მისასალმებელია, რომ პირველივე წუთებში თუ საათებში მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება ამ დეზინფორმაციაზე და თქვეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილი. ასეთი რეაგირება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სწორ ინფორმირებულობას უწყობს ხელს. აქამდე, საუბედუროდ, ასე არ ხდებოდა. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა და ასე მოხდა. ეს ძალიან კარგია და მინდა, მადლობა ვუთხრა საელჩოს ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც ასეთ მოკლე ვადებში აღმოფხვრეს ეს დეზინფორმაცია და მისი შესაძლო, მოსალოდნელი პროვოკაციული ხასიათი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. ამის შესახებ გამოცემა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა

მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზების განთავსებაზე - ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ უარყო

დღის ამბები