26 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
აშშ-ის საელჩო ამას ვერც დაადასტურებდა, ეს არის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში - გიორგი ვაშაძე ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. ამის შესახებ გამოცემა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა

მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზების განთავსებაზე - ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ უარყო. უკვე ორი დღეა ერთ-ერთი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, დიპლომატიური მისიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ამერიკული სამხედრო ბაზის საქართველოში შექმნა არ შეუთავაზებია.

ვაშაძის შეფასებით, აშშ-ის საელჩო ვერ დაადასტურებდა იმას, რომ ეს შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო, რადგან საელჩო საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობაა.

"აშშ-ის საელჩო ამას ვერც დაადასტურებდა, ეს არის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. მეორე, ჩემს განცხადებაში საუბარი მქონდა ადრეც და ახლაც, რომ აქ არის თანამედროვე ტიპის შეიარაღების მოწოდებაზე და სპეციალური, ახალი თაობის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბარი. გუშინ, თემურ იაკობაშვილმაც აშშ-დან დაადასტურა, რომ აქ საუბარი იყო წარმომადგენლობაზე, რომელიც ჩვენი ინტერესია. მე ვთქვი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით იყო მინიშნებები და კიდევ ერთხელ ვამბობ, დიახ - ჩვენ, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უსაფრთხოებას ნამდვილად მოგვიყვანს ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში და ეს არის საქართველოს ინტერესი. მე ვსვამ კითხვას - რატომ გამოხტნენ კობახიძე, მდინარაძე და კალაძე ერთხმად, რომ თურმე ამერიკის სამხედრო ბაზას არანაირი უსაფრთხოება არ მოაქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები