26 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
არცერთ ქართველს არ დაავიწყდება ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა... სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია.

"როცა რამდენიმე ათას ლარზე არის ხოლმე დანაშაულის ნიშნების შემადგენლობა, მაინც იწყება ხოლმე გამოძიება და ათეულობით მილიონ ლარზე როცაა საუბარი, ალბათ ლოგიკური გაგრძელება ეს იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი, მათი კომპეტენციაც და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებაც. მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია, ეს ხომ არცერთ ქართველს არ დაავიწყდება ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა, ჩარტერით რომ იყო სახელმწიფოს ხარჯებით წასული.

სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

დღის ამბები