26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
გურიის რეგიონი სტიქიის შედეგებს თითქმის ერთი კვირაა ებრძვის - ჩამოწოლილი მიწის მასის გამო, გადაადგილება რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდულია

სოფელ გოგორეთი ერთ-ერთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა. მოსახლეობა ზარალს ამ დრომდე ითვლის. ადგილობრივები ამბობენლ რომ ამ მასშტაბის სტიქია რეგიონს არ ახსოვს. მათი საცხოვრებლების ნაწილი და სამეურნეო სავარგულები სრულადაა განადგურებული.

სპეციალური ტექნიკა სოფლებში აქტიურად მუშაობს. რამდენიმე ადგილზე უკვე აღდგა სამანქანო მოძრაობაც. ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიაც. არსებობს სტიქიის განმეორების რისკიც. პრევენციის მიზნით ამ დროისთვის ოჯახები უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. მუშაობას განაგრძობენ გეოლოგებიც. სამუშაოები მიმდინარეობს ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე, სადაც დროებითი გადასასვლელი ეწყობა.

პარალელურად დაგეგმილია ხორეთის ხიდის მშენებლობაც. უკვე შეძენილია ყველა საჭირო მასალა. ამ დრომდე მთავარ დაბრკოლებად წყლის დონე რჩებოდა, რომელიც უკვე დაწეულია და სამუშაოები უპრობლემოდ მიმდინარეობს.

შეზღუდვები რჩება ლანჩხუთში. სოფელ ნიგვზიანსა და ჩოჩხათში ამ დრომდე გადაადგილება აკრძალულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით 40-მდე სოფელში ყველა შესაბამისი უწყებაა მობილიზებული.

პარალელურად გრძელდება ჰუმანიტარული დახმარება. ოჯახებს საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები შეუფერხებლად მიეწოდებათ. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

დღის ამბები