26 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
წითლებისა და ლურჯების დაპირისპირებამ კონგრესში გადაინაცვლა - ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, მისმა თანაპარტიელებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის მოთხოვნით უპასუხეს

წითლებისა და ლურჯების დაპირისპირებამ კონგრესში გადაინაცვლა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, მისმა თანაპარტიელებმა, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის მოთხოვნით უპასუხეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი კევინ მაკარტის განცხადებით, გამოძიება ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამერიკის პრეზიდენტის კორუფციაში მონაწილეობაზე, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე.


მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს დემოკრატი პრეზიდენტის წინააღმდეგ არანაირი დასაბუთებული მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ისინი მაინც თვლიან რომ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამას გარდა, წითლების პარტია ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, ჯო ბაიდენის ოჯახის წევრების მიმართ მიკერძოებულები არიან და ცდილობენ დანაშაული დაფარონ. თეთრმა სახლმა, რესპუბლიკელების ბრალდებას უკვე უპასუხა და პროცესს "ექსტრემალური პოლიტიკა" უწოდა.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის, კევინ მაკარტის ინიციატივა, იმპიჩმენტის შესახებ, წახალისებულია პარტიის მემარჯვენე ფრთის კანონმდებლების მხრიდან, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს კიდევ მეტ აზრთა გაყოფას და ყურადღების გადატანას კანონმდებლებში, რომლებიც ახლა ცდილობენ, მთავრობის დახურვის თავიდან ასაცილებელი პროექტი დაამტკიცონ. სპიკერმა კომიტეტებს გამოძიების დაწყება დაავალა.

"დღეს მე განკარგულებას ვაძლევ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებს, პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყონ. ეს ლოგიკური შემდგომი ნაბიჯი მისცემს კომიტეტებს სრულ ძალაუფლებას, ამერიკული საზოგადოებისთვის ყველა ფაქტი და პასუხი მოიძიონ. ეს არის სწორედ ის, რაც გვსურს - პასუხები. მჯერა, პრეზიდენტსაც სურს შეკითხვებს და ბრალდებებს უპასუხოს", - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ.

პრეზიდენტი ბაიდენი დაიცვეს კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატებმა. უმცირესობის ლიდერმა, პრესკონფერენცია მოიწვია და თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დროის და გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვაა, რადგან რესპუბლიკელებს, ბაიდენის უკანონო ქმედების მტკიცებულებები არ აქვთ.

"რადიკალმა "მაგას“ რესპუბლიკელებმა დაიწყეს იმპიჩმენტთან დაკავშირებული უკანონო გამოძიება, რაც "კენგურუს სასამართლო“ და შეთქმულების თეატრია. არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა და საიმპიჩმენტო დანაშაული ჩაიდინა. ეს არის იმპიჩმენტის უკანონო მოთხოვნა, დროის და გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვა", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაჯიმ ჯეფრაისმა.

რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას მცირე უპირატესობით აკონტროლებენ, ადანაშაულებენ ბაიდენს სარგებლის მიღებაში იმ დროს, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. სარგებელი კი, მათი ეჭვებით, ბაიდენის შვილის უცხოური ბიზნეს-საქმიანობიდან მოდიოდა. ცხადია, ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ნაბიჯია ბაიდენის წინააღმდეგ და ასევე პასუხიც, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ქვედა პალატაში დაწყებულ იმპიჩმენტის ორ პროცედურაზე. სავარაუდოდ, ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს ტრამპის გაძლიერებას, რომლის რეპუტაციას, სისხლის სამართლის საქმეები აზიანებს.

"მე არასოდეს გამიგია, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტი მოეწყოთ მისი ოჯახის წევრის ქმედებების გამო. ვფიქრობ, რესპუბლიკელებმა ეს გარკვეულწილად იციან და ცდილობენ ბევრ სამართლებრივ დავაში მყოფი ჰანტერ ბაიდენის საქციელი კრიმინალს დაუკავშირონ", - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა სტივენ გრიფინმა.

 

 

 

დღის ამბები