26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
მოუწევს თუ არა პრეზიდენტს თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება - როგორი იქნება ენმ-ის წევრების გადაწყვეტილება კენჭისყრაზე

ორბელიანების სასახლეში, პოლიტიკური შეხვედრების დროს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დღესაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საპარლამენტო ძალების განწყობები იყო. სწორედ ოპოზიციის ხმებზე იქნება დამოკიდებული მოუწევს თუ არა პრეზიდენტს თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება. შეხვედრიდან გამოსულ ნიკა მელიას და იაგო ხვიჩიას არ დაუმალავთ, რომ ზურაბიშვილი მისი იმპიჩმენტის შესაძლებლობას რეალურად მიიჩნევს. ”ქართული ოცნების” სავარაუდო მოკავშირეებად, ისევ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები სახელდებიან და არ გამოირიცხება, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის წევრების ნაწილმა, საკუთარი ხმა ”გაყიდოს”.


როგორი იქნება ფრაქციის წევრების გადაწყვეტილება, სრულ პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა” ვერ იღებს. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, პარტია კოლეგებს სთავაზობს, რომ კენჭისყრის დროს, დარბაზში არ შევიდნენ. ეს კიდევ უფრო მეტ უნდობლობას იწვევს დანარჩენ ოპოზიციაში, თავად პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, პარლამენტში ყოფნა აზრს კარგავს.

ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” სჯერა "სტრატეგია აღმაშენებელია”. გიორგი ვაშაძის პარტიაში ამბობენ, რომ მოკავშირის მიმართ ეჭვები არ აქვთ. სხვებს კი, ლევან ხაბეიშვილის გუნდის მიმართ ნდობა დიდი ხანია დაკარგული აქვს.


ვინ დაესწრება ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრას, საინტერესო არ არის მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირებაა. ოპოზიციის დამოკიდებულება ”ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ იმის გამოაშკარავება იქნება, რეალურად ვინ თანამშრომლობს და რა ინტერესები აკავშირებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილთან.


დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი - დასკვნა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლომ 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კენჭისყრაზე საკითხს მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება.

დღის ამბები