26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ცხედრები ზღვაში, ხეობებში, შენობების ნანგრევებში - ლიბიაში დაღუპულების რიცხვმა ხუთი ათასს გადააჭარბა

ცხედრები ზღვაში, ხეობებში, შენობების ნანგრევებში-ლიბიაში ბოლო 48 საათში დაღუპულების რიცხვმა ხუთი ათასს გადააჭარბა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 10 ათასი ადამიანი . ძლიერმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები. ქალაქი დერნა და სუსა სტიქიური უბედურების ზონად არის გამოცხადებული.

წყლის დონემ სტიქიის ზონაში სამ მეტრს გადააჭარბა. ადგილობრივების თქმით წყალდიდობა და ქარიშხალი ქვეყანას თავს იმ დროს დაატყდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა. კატასტროფას იმდენად უპრეცედენტო შედეგები ჰქონდა, რომ ადგილობრივები ოჯახის დაღუპულ წევრებს ვერ პოულობენ. აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიცირება ვერ ხდება, გარდაცვლილთა დიდ ნაწილს კი საერთო სამარხში კრძალავენ.

საავადმყოფოებში პაციენტებს ვეღარ იღებენ. მთავრობა ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდება. სტიქიის ზონაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დაკეტილია აეროპორტები და საზღვაო პორტები.

ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა. ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. მნიშვნელოვნად დაზარალდა ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი.

ლიბიის დახმარების სურვილი არაერთმა სახელმწიფომ გამოთქვა თუმცა, ქვეყნის ორ ხელისუფლებიანობა მოლაპარაკებებს აფერხებს. მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ მასშტაბური ტრაგედია დაპირისპირებულ მხარეებს გააერთიანებს. ლიბიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები