გაფართოების თარიღად ევროკავშირში 2030 წელი ისევ ახსენეს. ამჯერად თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელიც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 7 წელიწადში, ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფო უნდა მოემზადოს. მათ შორის, უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო. ევროპამ კი ამ ქვეყნების მხარდაჭერის გზა და გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა გაწევრიანების მსურველებისთვის კანონის უზენაესობის ანგარიშების გახსნაც დააანონსა.
ევროკომისიის პრეზიდენტი მოვლენებს წინ არ უსწრებს და ეს ბუნებრივია - აღნიშნავს ევროპარლამენტში მყოფი ქართული დელეგაცია. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკომისიის ანგარიშის შემდეგ საქართველოს კანდიდატობა ევროპის 27 ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული,
ქართველი კანონმდებლები, ევროპელ კოლეგებს სტრასბურგში უკვე მეორე დღეა ხვდებიან. ისმენენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების განწყობებს. ევროპარლამენტართა ნაწილს მიაჩნია, რომ უკრაინის და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება შეცდომა იყო. ნაწილი ქვეყნის შანსებზე საუბრობს,და საშინაო დავალებების შესრულებაზეც მიუთითებს. ამბობენ იმასაც, რომ მზაობა გაფართოებისთვის, ორმხრივი პროცესია.
შეხვედრების შემდეგ, ქართული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი. ქართველი კანონმდებლების შეფასებით, ევროპარლამენტში პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
საპარლამენტო დელეგაციამ სტრასბურგში შეხვედრები დაასრულა. ქვეყანა ახლა ევროკომისიის შეფასების მოლოდინშია. ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელიც თავის მხრივ იქნება რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.