26 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა

"კურიერის" ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს და ავიაკომპანია "Georgian Airways-ს" შორის დადებული იყო 24 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება და სწორედ თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები და ფრენები, თავდაცვის მინისტრიც ადასტურებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, საკითხით თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო ქვედანაყოფი დაინტერესდა.

"ჩარჩო ხელშეკრულება გახლავთ, ჯამში, 24 მილიონ ლარზე დადებული და მის ფარგლებში ასრულებდნენ ასე მოქნილად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გადახდებს. გადახდილია თავდაცვის უწყებიდან 14 მილიონი ლარი ჯამში. 2013 წელს გრიფი მოეხსნა რამდენიმე გადახდას ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში და ჩვენ, პრინციპში, თქვენი ინფორმაციის შემდეგ, კიდევ ერთხელ ჩავეძიეთ აღნიშნულ საკითხს, ჩვენი შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ საკითხებით. არის კიდევ, დამატებით, რამდენიმე საეჭვო გარემოება, არის კურორტზე ფრენები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თუ სწორად მახსოვს, კოლუმბიაში ფრენაც იყო. თანმხლები პირებიც ძალიან საეჭვოა, რატომ შეიძლება ასეთი პირები ახლდნენ ქვეყნის პირველ პირს,"-აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

მინისტრი ამბობს, რომ თავდაცვის უწყება პროკურატურასთან გაივლის კონსულტაციებს, რათა საიდუმლო გრიფი მოეხსნას თავდაცვის სამინისტროს იმ დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა.

"კიდევ ერთი გაგრძელებაა იმისა, თუ რას შვებოდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი -  ჯარის ფულით გახდა მილიარდერი. ეს არ არის კორუფცია, ეს არის სახელმწიფო სახსრების მიტაცება. მე არ მინდა კვალიფიკაცია მივცე, თუმცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენ პროკურატურასთან გავივლით ამ დეტალებს, შემდეგ ვიმსჯელებთ გრიფის მოხსნაზე აღნიშნული ხელშეკრულებების და გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივად პროკურატურა და ჩვენი შესაბამისი ქვედანაყოფი. ეჭვი იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ხდებოდა ჩარტერული რეისების დაფინანსება, მეორე, ის რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის რელევანტური უწყება, რომელმაც შეიძლება დააფინანსოს ჩარტერული რეისები, მესამე , ლოკაციები - ვთქვათ, არ შეიძლება იყოს გადაბმულად კურორტები სამუშაო ვიზიტების ლოკაციებად. დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

დღის ამბები