26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის - ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს

ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს - განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და "პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია."

"უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია. მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის. ისტორია ახლა მოგვიწოდებს ვიმუშაოთ ჩვენი კავშირის სრულყოფაზე.

მსოფლიოში, სადაც ზოგი ცდილობს სათითაოდ აირჩიოს ქვეყნები, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივატოვოთ ჩვენი თანამემამულე ევროპელები. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ წარმატებული გაფართოების ხედვა. ჩვენ მომავალზე ევროპამ მეტად და უფრო ფართოდ უნდა იფიქროს.

ჩვენ ახლა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წევრ ქვეყნებთან, რათა განვსაზღვროთ პროგრესი და შეშფოთება, მივიღოთ რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ამან წევრ ქვეყნებს შორის დიალოგის საშუალება მოგვცა და ის იძლევა შედეგებს. მე მჯერა, რომ იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ მომავალი წევრი ქვეყნებისთვის.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის ანგარიშებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. ეს მათ თანაბარ პოზიციაზე დააყენებს წევრ ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს მათი რეფორმების მცდელობებს.

ამას შრომა და ლიდერობა სჭირდება, მაგრამ უკვე დიდი პროგრესია. ჩვენ ვნახეთ დიდი ნაბიჯები, რაც უკრაინამ უკვე გადადგა მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. ჩვენ ვნახეთ სხვა კანდიდატი ქვეყნების მონდომება რეფორმებისკენ.

პატივცემულო წევრებო, ახლა დადგა დრო, რომ ამ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ. ეს ნიშნავს ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით ევროკავშირის სრულყოფისთვის ამ მიმართულებით. გაფართოების ყოველი ტალღა მოდიოდა პოლიტიკურ გაღრმავებასთან ერთად. მე მჯერა, რომ შემდეგი გაფართოება ასევე უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები