26 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
გია ცაგარეიშვილი - ვინ არის პოდოლიაკი რომ ასე ლანძღავს ამ ქვეყანას. კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მისი თითქმის 30 ათასი თანამემამულე ქართველებმა შეიფარეს, იმ ქართველებმა, რომლებსაც თავისი 300 ათასი ლტოლვილი ჰყავთ ამ ერთ ციდა ქვეყანაში

"ვინ არის პოდოლიაკი რომ ასე ლანძღავს ამ ქვეყანას, თითს უქნევს და მენტორული ტონით ელაპარაკება, როგორც უფროსი ძმა უმცროს ძმას. ჩვენ უფროსი ძმები მრავალჯერადად მოვილიეთ ამ ქვეყანაში. ძმები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, გულიანი ხალხი, რომლებსაც ამ ქვეყანაში არეულობის გამოწვევით თავისთვის ქულების მოხვეჭა კი არ უნდა, არამედ რეალურად უნდა მეგობრობა, ძმობა და გვერდზე დგომა,"- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია "POSTV"-ის ეთერში განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, "საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი."

"მორალური პიედესტალი შეიქმნეს ამ ადამიანებმა. ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს ვგულისხმობ, ამ პიედესტალზე არიან შემდგარები და იქიდან გვამუნათებენ, გვაკრიტიკებენ და ახლა უკვე გვლანძღავენ. არცერთ ქართველს ეს არ უკადრია, არც 2008-ში, არც 92-93 წლებში რომ ამგვარი პიედესტალი აღემართა და ელანძღა უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა იმისთვის, რატომ არ დაგვიდგა გვერდით ან ერთხელ, ან მეორედ, ან მესამედ, ან მეოთხედ ამ გაშმაგებულ ომში. არასდროს ეს ჩვენ არ გვიკადრია მათგან განსხვავებით“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

როგორც გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მიხაილო პოდოლიაკს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თითქმის 30 ათასი უკრაინელი შეიფარა საქართველომ. მტრებით გარშემორტყმულ ქვეყანაში, დაუსრულებელი კონფლიქტების და ომების ქვეყანაში, რომელიც ბეწვის ხიდზე დადის ყოველდღე, რომ გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა.

"გაუგებარია ამგვარი მიმართვები კნინობით ფორმებში. უკვე ცუდი სუნი ასდის ამას, ნაციონალური შუღლის გაღვივებისა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს მე ძალიან მაღელვებს. ამ ადამიანს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თითქმის 30 ათასი მისი თანამემამულე ქართველებმა შეიფარეს ამ ქვეყანაში. იმ ქართველებმა, რომლებსაც თავისი ლტოლვილი 300 ათასი ჰყავთ ამ ერთ ციდა ქვეყანაში, მტრებით გარშემორტყმულ ქვეყანაში, ტერიტორიებ მიტაცებულ ქვეყანაში, დაუსრულებელი კონფლიქტების და ომების ქვეყანაში, ყოველდღე რომ ჩვენ თანამოქალაქეებს იტაცებენ ვიღაც მანიაკები. ეს ქვეყანაა, რომელიც ბეწვის ხიდზე დადის ყოველდღე, რომ გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა. ამ ქვეყანას აქვს თავისი უდიდესი გამოწვევები, გადაუწყვეტავი საკითხები, რომლის მოგვარებას ცდილობს ქართველების არაერთი თაობა და ვერ მოუგვარებია უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო და შენ, როცა ეს ყველაფერი კარგად იცი და მაინც ჟარგონით საუბრობ, წარმოუდგენელი ტექსტებით საუბრობ, ან არ იცი და მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ჯერ გაერკვიე ვისზე საუბრობ და რა გინდა საერთოდ. აქ მარტო საქართველოს მთავრობაზე ხომ არ არის საუბარი. ეს შეიძლება ვიღაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ეგონოს, რომ ამჟამინდელი მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს, მაგრამ ამ პოლიტიკოსმა, უმაღლესი თანამდებობის პირმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ხომ კარგად იცის, რომ დღეს სწორედ "ქართული ოცნება" განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს, მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას იმიტომ, რომ ის არის კანონიერი გზით მოსული ხელისუფლების სათავეში. შენ როცა ასე ლანძღავ და წარმოუდგენელ ეპითეტებს იყენებ ამ ადამიანების მიმართ, ნუთუ ასე დაგიბნელა მიშასადმი ტრფობამ თვალები და გონი, რომ ასე გადაეკიდო მტრად ამ ქვეყანას, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ამბავი," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები