26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - რამდენი რეალიზატორი დააკავა პოლიციამ ბოლო პერიოდში და რა ტიპის ნარკოტიკებია ამოღებული მათი ბინების ჩხრეკისას

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის საქმეზე - სვეტიცხოვლის ეზოში უკრაინელ ქალს, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის 9 ლოკაცია ჰქონდა შერჩეული. დაფასოებულ მეტადონს სამალავებში ტოვებდა, ფოტოებს უღებდა, კლიენტს უგზავნიდა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მომხმარებელს დამალული ნარკოტიკი, პირდაპირ ტაძრის ტერიტორიიდან გაჰქონდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოს ნარკოტიკების გასაღებისთვის იყენებდა ინა დოლჟენკოა,
55 წლამდე ქალი, რომელიც სამართალდამცველებმა ბათუმში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად მოქმედებდა.

ინნა დოლჟენკოს ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალი ნარკოტიკს არ ყიდდა. საქმის სხვა დეტალებზე ინტერესებს დამცველი არ საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ დაკითხვისას დანაშაული აღიარა და საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. მან სამართალდამცველებს, სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე განთავსებული სამალავები უჩვენა.

გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმეზე ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ნარკორეალიზატორების დასაკავებლად დღეს არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა.

ფონიჭალაში პოლიცია დილიდან იყო მობილიზებული. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა ნარკოტიკების გასაღების ფაქტს მისი ოჯახი უარყოფს. ამბობენ რომ ბრალდებული მხოლოდ მომხმარებელი იყო. საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკია ამოღებული, ზუსტ რაოდენობას კი ექსპერტიზა დაადგენს.

სპეცრაზმი მობილიზებული იყო ასევე სხვადასხვა რეგიონში. ნარკოდანაშაულის საქმეზე პოლიციამ დრეს 46 პირი დააკავა, 36 ნარკორეალიზაციის ბრალდებით. მათ შორს არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი: "ჰეროინი", "მეტადონი", "ბუპრენორფინი", "ალფა პვპე", "ლირიკა", "კეტამინი" და "მეტანფეტამინი".

პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა და მტკიცებულებებს აგროვებდა. მოპოვებულია ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც საკონტროლო შესყიდვები ჩანს. ოფიციალური ინფორმაციით, კადრებში, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შშემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ .

დღის ამბები