26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
პრემიერის კერძო ვიზიტის ხარჯები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა - რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ანზორ ჩუბინიძის განცხადებას

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერული რეისისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა. ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, თბილისი-მიუნჰენი-თბილისის ფრენისთვის, 34 000 ევროს ეკვივალენტი ლარში ტარიელ ღარიბაშვილმა წინასწარ ჩარიცხა. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფორმაცია დოკუმენტებითაც დასტურდება და პრემიერის მგზავრობის ხარჯები სრულად მის დეკლარაციაშიც აისახება.

განმარტების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პროკურატურას ისევ გამოძიების დაწყებას სთხოვენ, პარტია "ლელო" კი პარლამენტარ კოლეგებს მიმართავს, პრემიერის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ.

გიორგი ვაშაძის პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხარდაჭერა "ლელოს" ინიციატივისთვის საკმარისი არ არის. პარლამენტის სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი პრემიერის იმპიჩმენტს არ ემხრობიან. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ეს მოთხოვნა ამ პროცესსაც დააზიანებს.

მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნის უკან პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაფარვის მცდელობას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერის ფრენის შესახებ დეკლარაციაში დეტალური ინფორმაციაც მოხვდება და საქმის სამართლებრივ სარჩულზე საუბარი სპეკულაციურია. უმრავლესობის წევრები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს წარსულს და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებასაც ახსენებენ.

ჩარტერული რეისით თბილისიდან მიუნჰენის მიმართულებით პრემიერის აგვისტოში ისარგებლა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით გაირკვა, რომ პრემიერის მგზავრობისთვის თანხა კერძო პირმა - პრემიერის მამამ გადაიხადა და ფრენისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა.

 

 

დღის ამბები