პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შემთხვევაში, უკრაინა ტარიფებსა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევით გამოწვეული ზარალის კომპენსირების მოთხოვნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებაში.
„ჩვენ არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ პოლონელი ფერმერებისთვის ზარალის მიყენებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას! მაგრამ სავაჭრო სამართლის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკური პოპულიზმით არის გამოწვეული, უკრაინა იძულებული იქნება ზარალის კომპენსირების მოთხოვნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართოს", – დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინულ აგროიმპორტთან დაკავშირებით, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“.