26 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების უკანონოდ დარეგისტრირების ფაქტებზე მთავრობა ამნისტიას აცხადებს - რა პირობით გათავისუფლდებიან მოქალაქეები პასუხისმგებლობისგან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამნისტია ცხადდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაირეგისტრირეს. პირობა მარტივია - პრემიერის თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე დააბრუნებს მიწის ნაკვეთს ან სრულად აანაზღაურებს დანაშაულის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირი, ვისზეც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლეობის არმქონედ ჩაითვლება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ ამნისტია 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა აღსრულდეს.

ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლზე, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლზე, რაც ყალბი დოკუმენტების მომზადებას გულისხმობს. ამნისტია შეეხებათ კანონის დამრღვევი პირების თანამონაწილეებსაც. გადაწყვეტილება არ გავრცელდება საჯარო მოხელეებზე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. მთავრობის მეთაურმა კონსულტაცია პროკურატურასთანაც გაიარა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეთანხმება. მათი შეფასებით, ამნისტიის გამოცხადება აუცილებელია და ამ პროექტს მხარს დაუჭერენ.

პრემიერის ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭერა ექნება მმართველი გუნდისგან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოქალაქეების მიერ უკანონოდ დაირეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო.

პრემიერის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. ის უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები