26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
გურიის სტიქიის გამო საკუთარი სახლებიდან დროებით 105 ოჯახი გაასახლეს - რეგიონში გეოლოგები ამ დრომდე მუშაობენ

გურიაში სტიქიამ 105 სახლი დააზიანა. გურამ პეტიაშვილი ერთ-ერთია, ვისი სახლიც დაზიანებულია, ის "კურიერთან" 8 სექტემბრის დილას იხსენებს და ყვება როგორ დაანგრია ჩამოტანილმა მიწის მასამ სახლის კედლები.

სოფელი ქვემო მამათი რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად უკვე თითქმის სრულადაა გაწმენდილი ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლების უმეტესობას  წყალმომარაგება და ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. ამ სოფლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაციაც გახდა საჭირო და ისინი უსაფრთხო ადგილებზე არიან გადაყვანილი.

დაზიანებული გზები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დანგრეული სახლები. ლანჩხუთის მსგავსად პრობლემების წინაშეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სოფელი შრომა სტიქიით დაზარალებული 21 ადმინისტრაციული ერთეულიდან ერთ-ერთია, საიდანაც ყველაზე მეტი - 50 ოჯახის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება ორივე მუნიციპალიტეტში. მაშველებმა მხოლოდ 4 დღის განმავლობაში უსაფრთხო ადგილას 142 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიის ზონაში რჩებიან გეოლოგები, რომელებიც ბუნებრივ პროცესებს აკვირდებიან.

სტიქიისგან დაზარალებული რეგიონის დასახმარებლად გაერთიანდნენ საქართველოს სხვა რეგიონებიც. ჰუმანიტარული დახმარება მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაგროვეს. პირველადი მოხმარების ნივთები ლანჩხუთსა და ოზურგეთში დღეს თბილისის 10 რაიონიდან გაიგზავნა, საჭირო პროდუქტები ჩავიდა კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან. სტიქიით დაზარებულ რეგიონს დაეხმარა ქობულეთიც.

გურიაში არსებული ვითარების მიმოხილვით დაიწყო დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომა და სტიქიის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს და საზოგადოებას რეგიონში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. პრემიერმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებში ოპერატიულად ჩაერთო, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას კი, სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

8 სექტემბრის სტიქიამ გურიის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სპეციალური კომისია მიყენებული ზარალის დათვლას დაიწყებს.

დღის ამბები