26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა მაროკოში - 2 400-ზე მეტი მსხვერპლი და 2 500 დაშავებული

დამანგრეველი სტიქიიდან თითქმის 72 საათის შემდეგ, მაროკოში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი დრო გადის, ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენის შანსიც იკლებს. ბოლო მონაცემებით, თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 2500-ს აჭარბებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება.

ადგილობრივი კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს. საავადმყოფოებში დაშავებულები ისევ გადაჰყავთ. კლინიკებს სისხლის მარაგი ეწურებათ. ქვეყანა დახმარებას ითხოვს, ადგილზე უკვე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის, კატარის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული ერებისა და ესპანეთის დახმარება.

ნგრევა და ზარალის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივების ნაწილი ღამეს კარვებში, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ ატარებს. ნგრევა 6 პროვინციაში მოხდა. მიწისძვრის გამო მაშველებს შორეულ დასახლებებამდე მისვლა ამ დრომდე უჭირთ. ბიძგებმა მთებში მდებარე არაერთი სოფელი ნანგრევებად აქცია. ერთ-ერთი მათგანი ტაფეგაჰტეა, სადაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აღარ არსებობს.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. მიწისძვრის არეალში სახლები დაინგრა და გზები ჩაიხერგა. მაროკოს შეიარაღებული ძალები სამაშველო ჯგუფებს ათავსებენ, რომ დაზარალებული ტერიტორიების მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით, საკვებით, კარვებითა და საბნებით უზრუნველყონ. სასოწარკვეთილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰუმანიტარულ დახმარებას ელის. ჰუმანიტარული საჭიროების წინაშე 300 000-ზე მეტი ადამიანი დგას.

მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დამანგრეველია ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში. მაროკოში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები