26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა - ჩინელ ვიზიტორებს სქართველოში დარჩენა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გადაწყვეტილების მიხედვით, ჩინელ ვიზიტორებს, ქვეყანაში დარჩენა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება და მეტი ტურისტის მოზიდვაა.

მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან სავიზო ბარიერის მოხსნა რომ კავშირებს და თანამშრომლობას უფრო გაამარტივებს, ამაზე ვიცე-პრემიერიც დეტალურად საუბრობს. ეკონომიკის მინისტრი იმასაც აკონკრეტებს, რომ ხელისუფლება, ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დამატებაზეც მუშაობს.

ჩინელ ტურისტებზე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველ სტუმრებზე აკეთებენ აქცენტს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ამბობენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები, მსოფლიოს გარშემო ხანგრძლივი მოგზაურობით გამოირჩევიან.

"ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს უფრო გაზრდის" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ოპოზიციის ნაწილი კი, საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთს ივლისის ბოლოს, ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, რომლის ფარგლებში, მაღალი დონის პოლიტიკური და კულტურული შინაარსის შეხვედრები გაიმართა. მთავრობის მეთაურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირადად უმასპინძლა. ისტორიული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ქვეყნები თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადიან. პეკინში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, როგორც განათლების ასევე ეკონომიკისა და საგარეო მიმართულებით.

შეხვედრების შემდეგ მალევე გამოქვეყნდა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის ტექსტი. პრემიერ-მინისტრმა, პეკინის ენათმეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა და ქართულ-ჩინურ ბიზნესფორუმზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული ბიზნესისთვის ჩინური ბაზრის გახსნას დაუთმო.

დღის ამბები