26 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პოლიტიკურიდან სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს - საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია

80 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა პოლიტიკურიდან სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. საპროცედურო კომიტეტმა დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.

საპარლამენტო უმრავლესობა, პრეზიდენტს, სწორედ კონსტიტუციის 52-ე მუხლის უგულებელყოფას და შეუთანხმებელი ვიზიტების განხორციელებას ედავება. მმართველ პარტიას კითხვები აქვს, თუ 38 ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი მთავრობის ნებართვას ელოდა, რატომ გახდა გამონაკლისი ბოლო შემთხვევები?! საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინებას ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თეიმურაზ შარმანაშვილი წარადგენენ.

"ლუსტრაცია" - სწორედ ასე ხედავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და მისი იმპიჩმენტის პროცესს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის, იმპიჩმენტის მომხრე და მასზე ყველა ხელმომწერი, ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კორექტულობისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციის უხეში დარღვევა ვერანაირი არგუმენტით ვერ შეიფუთება.

100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო პრეზიდენტის ვადამდე ადრე გასათავისუფლებლად. "ქართულ ოცნებას" 10-ზე მეტი ხმა აკლია. "ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატის გარდა, საპარლამენტო ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ განიხილავს, თუმცა, მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ სხვადასხვა გზით აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს.

"კონსტიტუციის" უპატივცემულობით ხსნის მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია და მოუწევს თუ არა მეხუთე პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში პირველად თანამდებობის იმპიჩმენტით დატოვება - საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.

ბერლინი, ბრიუსელი და პარიზი - ეს არის ბოლო სამი ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა და მის წინააღმდეგ, საკონსტიტუციოში წარდგინების გაგზავნის საფუძველი გახდა.

დღის ამბები