26 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა - კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი სპეკულაციაა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ბიუჯეტიდან საკუთარი პირადი საჭიროებისთვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა. მისი თქმით, ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარაციაში ყველაფერი აისახება.

"გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული მაშინ, როდესაც რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს რა ვითარება გვაქვს - პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან ამისთვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს დეკლარირებული იქნება და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარაციაში ყველაფერი ასახული იქნება“,-განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე პრემიერის იმპიჩმენტის თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებაც შეაფასა და მას "ცარიელი სპეკულაცია“ უწოდა.

"ცარიელი სპეკულაციაა. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც მაშინ წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო ამ ყველაფერში არ არის, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები