26 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
დაარღვია თუ არა კონსტიტუცია კონსტიტუციის გარანტორმა - საქართველოს ისტორიაში, სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის მიმართაც იმპიჩმენტი დაიწყო

იქნება თუ არ იქნება გადაყენებული, სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც იმპიჩმენტი დაიწყო. ვადაზე ერთი წლით ადრე გადაყენების პროცესის დაწყების საფუძველი კი ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გახდა. თუმცა თავად განაცხადა, რომ უზენაეს კანონს კი არ არღვევს, პირიქით- იცავს.

სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპული ვოიაჟით მმართველი გუნდის შეფასებით კონსტიტუცია დაარღვია. დაარღვია და საპასუხო პროცესიც დაიწყო, თუმცა იმპიჩმენტს დრო სჭირდება. პირველი ეტაპი გადალახულია, შეგროვებულია ხელმოწერები, საპროცედურო კომიტეტის შემდეგ ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზე დგება, საბოლოო პოლიტიკურ ვერდიქტს კი მეხუთე პრეზიდენტს ისევ პარლამენტი გამოუტანს. ზურაბიშვილის გადაყენებას 100 დეპუტატის მწვანე ღილაკი სჭირდება, თუმცა საჭირო ხმები ვერ გროვდება. ეს "ქართულმა ოცნებამ" პროცესის დაწყებამდეც იცოდა, მაგრამ მაინც საკითხი დღის წესრიგში დადგა. მიზეზი კი მკაფიოდ განიმარტა- კონსტიტუციაზე მაღლა არავინ დგას და მის დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. მაშინ, როცა პრეზიდენტის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის ნარატივის იდენტურია, მმართველი გუნდის ოპონენტებმა კი საკუთარი ნათქვამივე დაივიწყეს და იმპიჩმენტს გაემიჯნნენ, ჩნდება კიდევ ერთი მოლოდინი, რომ პროცესი ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის არსებული საერთო ინტერესების ლაკმუსის ქაღალდად იქცევა.

ინიციატივას ოპოზიციიდან თითქმის არავინ იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზიანებს.

არც „გირჩის“ პათოსს იზიარებენ და არც სხვა ოპოზიციონერები კოლეგებისას ევროპელი სოციალისტები. ცნობილია, რომ იმპიჩმენტს მათი მხარდაჭერა ექნება და მეტიც, ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა საკუთარი შეცდომა უნდა აღიაროს და თანამდებობა საკუთარი ნებითვე დატოვოს.

და მაინც ძირითადი ყურადღება ახლა "ნაციონალური მოძრაობისკენ" არის მიმართული. "ქართული ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტ მანდატს საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ეს პარტია ფლობს. მაშინ, როცა მათი გაცხადებული მიზანი, სააკაშვილის გათავისუფლებაა გაჩნდა ეჭვი, რომ პარტიამ შესაძლოა იმპიჩმენტის საკითხით ივაჭროს. თუმცა, ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კონსულტაციებია გასამართი.

საპარლამენტო უმრავლესობას არც ოპოზიციის ნაწილისგან და არც პრეზიდენტისგან აღარაფერი უკვირს. თუმცა, მაინც ახსენებენ ყველას, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება ქვეყანასავე აზიანებს.

იმპიჩმენტის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გასცდა, თუმცა რჩევა ქვეყანამ ქვეყნის შიგნითვე მოისმინა. თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტის გადაყენების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, თუმცა პრემიერ მინისტრის განმარტებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და საქმე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივია.

პრეზიდენტმა, უარის მიუხედავად, ევროპული ვოიაჟი დაასრულა. იმპიჩმენტის საპასუხოდ, სიტყვის ნაცვლად ჯერ იყო ღიმილიანი ფოტო ბრიუსელისკენ მიმავალი მატარებლიდან, შემდეგ კი ყველასთვის უცნობი შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები. ემანუელ მაკრონთან ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. მეტიც, ირკვევა, რომ მას ნებართვა ამ შემთხვევაში მთავრობისთვის არ უთხოვია.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები