4 მილიონამდე პოტენციურ მსხვერპლზე გათვლილი კიბერთაღლითური სქემა გაშიფრულია - კარგად ორგანიზებული ინტერნეტ დამნაშავეების სამიზნე, საქართველოს მოსახლეობა და კომუნალურების გადამხდელი კომპანიები გახდნენ. კრიმინალური დაჯგუფება ერთჯერადი შეტევით, ათობით მილიონის მითვისებას ელოდებოდა, თუმცა ვერ მოასწრო.
"თბილისი ენერჯი", "თელმიკო" და "ჯორჯიან ვოთერ ენ ფაუერი" - კიბერდამნაშავეების სამიზნე კომპანიებმა, თაღლითური სქემის ამოქმედებიდან მალევე, მოსახლეობას გამაფრთხილებელი სმს-ები გაუგზავნეს. კომპანიების მტკიცებით, მათ ბაზებზე კიბერთავდასხმა არ მომხდარა და გაურკვეველია, როგორ ჩაიგდეს ხელში კიბერდამნაშავეებმა აბონენტების მონაცემები.
საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, კომპანიები კი აბონენტებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ.
რა გზით მოიპოვეს კიბერდამნაშავეებმა კომუნალური გადამხდელების მონაცემები - ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელსაც, სავარაუდოდ, გამოძიება უპასუხებს. ჯერ უცნობია, რა თანხის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა და საიდან მოქმედებდნენ ისინი. სემეკის წარმომადგენლის ინფორმაციით, კიბერთაღლითებმა მიტაცებული თანხები ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რაც სამართალდამცველებს კვალზე გასვლის შესაძლებლობას გაუადვილებს.
სემეკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებებმა შესწავლა დაიწყეს. სანამ შედეგები გასაჯაროვდება, კიბერდამნაშავეების ხელწერასა და კრიმინალური შემთხვევის მასშტაბზე, სფეროს ექსპერტებს საკუთარი ვარაუდი აქვთ.
ონლაინგაყიდვის საიტებზე პოტენციური მყიდველის სახელით დაგზავნილი თაღლითური ლინკები, შეტევა საქართველოს ფოსტის სახელით - ქართული საგამოძიებო უწყებები კიბერდანაშაულის რამდენიმე ფაქტს ამ დრომდე სწავლობენ.
ყველა ამ სქემის მიზანი, მოქალაქეების საბანკო ბარათების მონაცემების ხელში ჩაგდებაა, რის შემდეგაც მიტაცებული თანხები, ძირითადად, კრიპტოვალუტის საიტებზე ირიცხება. ეს კიბერთაღლითების ხელწერაა, რომლითაც თანხებსაც მალავენ და დანაშაულის კვალსაც შლიან. რა შეცდომები დაუშვეს კიბერდამნაშავეებმა საქართველოს მოქალაქეებზე შეტევის დროს, ეს დაგეგმილი გამოძიების ფარგლებში გაირკვევა.