ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული,ბრიუსელი ლეგიტიმურად არ ცნობს მთიანი ყარაბაღის მეთაურის არჩევნებს, რომელიც 9 სექტემბერს სტეპანაკერტში გაიმართა .
„2023 წლის 9 სექტემბერს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აღიარებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც არჩევნები ჩატარდა“.- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში
ამასთან, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის „მნიშვნელოვანია კონსოლიდირება დე ფაქტო ხელმძღვანელობის გარშემო, რომელსაც გააჩნია უნარი და სურვილი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები აწარმოოს ბაქოსთან“. ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.
ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები მიუღებელია თურქეთის პრეზიდენტისთვისაც. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის ხვალ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს და ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს. მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა საგანგებო სესიაზე ახალ პრეზიდენტად 45 წლის სამველ შახრამანიანი აირჩია. 22-მა დეპუტატმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.