26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ინტენსიურად ხდება მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ოჯახს საკვები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები უკვე დაურიგდა. ჰუმანიტარული დახმარების დარიგება ეტაპობრივად მოხდება. პროცესში პირადადაა ჩართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საცალფეხო გზებზე უკვე შესულია ტექნიკაც. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ელექტროენერგიის სრულად აღდგენის მიმართულებითაც.

"აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ტექნიკა ყველა მიმართულებით მუშაობს არ გაჩერებულან. სადაც საცალფეხო გზები იყო გაყვანილი იქ უკვე შევდივართ ტექნიკით, რათა სამანქანო გზა გავაკეთოთ. ინტენსიურად ხდება მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება, უკვე დარიგებულია 200-ზე მეტი ოჯახისთვის. 98% -ით აღდგენილია ელექტროენერგია, დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, სადაც "ელექტროპროს" ჯგუფი აქტიურად მუშაობს, ასევე გაზის მიმართულებით აქტიურად მუშაობს ჯგუფები", - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძე.

პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამ ვითარებაში ერთობა და ადამიანების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

 "შოვის ტკივილი ჯერ არ განელებულა და ახლა უკვე გურია - სამწუხაროდ, აქაც ვერ ავცდით მსხვერპლს. რა თქმა უნდა, ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. მცხეთის მერთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიტანეთ პირველადი საჭიროების ნივთები, რაც ჩავთვალეთ, რომ ის წაადგება ადამიანებს, ვინც სამწუხაროდ, საკუთარ სახლში ვეღარ ახერხებს ყოფნას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და რეგიონში მაცხოვრებლების მიერ შეგროვდა პირველადი დახმარების საგნები, როლებიც გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცათ.

 "პირველ რიგში ჩემი და ჩემი მუნიციპალიტეტის სახელით მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და რეგიონში მაცხოვრებლების მიერ შეგროვდა პირველადი დახმარების საგნები, რაც სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გამოადგებათ", - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

დღის ამბები