26 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
თბილისის თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა, ცნობილი კორეელი პერფორმერის და მხატვრის, პანგ ჰი სანგის პერფორმანსით გაიხსნა

ფერწერა, ობიექტი, ინსტალაცია, პერფორმანსი და გრაფიკა - დღეს, ეს ყოველივე კორეული თანამედროვე ხელოვნების ათმა წარმომადგენელმა ლიტერატურის მუზეუმში დამთვალიერებელს დაახვედრა. თბილისის თანამედროვე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა, ცნობილი კორეელი პერფორმერის და მხატვრის, პანგ ჰი სანგის პერფორმანსით გაიხსნა. მან 30-იანი წლების საბჭოთა ენციკლოპედია სტუმრების წინაშე დაჭრა. გარდა პერფორმანსისა, მან ხელოვნების მოყვარულებს ვიდეო ინსტალაციებიც უჩვენა.

პანგ ჰი სანგი უკვე მესამე წელია, რაც პლატფორმა არტისტერიუმში მონაწილეობას იღებს. როგორც გვითხრა, საქართველოში ჩამოსვლა მისთვის ბევრ კარგ ემოციასთან არის დაკავშირებული და დღეს ბედნიერია, რომ მის ნამუშევრებს ქართველი დამთვალიერებელი იხილავს. ასევე, 2023 წლის ორი ფერწერული ტილო ქართულ საგამოფენო სივრცეში კორეელმა მხატვარმა კიმ მოუკმა პირველად გამოფინა. დამთვალიერებელს,კორეელი მხატვრების ნახვა 15 სექტემბრამდე შეუძლია.

ქართველი ხელოვნების მოყვარულები წლიდან წლამდე ელოდებიან არტისტერიუმს დაწყებას. ამბობენ, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესო არტისტები არიან კორეიდან წარმოდგენილი, რომელთა ნამუშევრებში კორეული კულტურა და ტრადიციები იგრძნობა .

"თანამშრომლობის ხედვები" - დღეს სწორედ ეს იყო კორეული თანამედროვე ხელოვნების თემა. წელს პროექტი სამ ლოკაციად დაიყო. ლიტერატურის მუზემის გარდა, 10-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, მზიურის პარკში, კუბი კონტექსტის სივრცეში, ქართველი და უკრაინელი ქალი მხატვრებს გამოფენა მოეწყობა. არტისტერიუმის ბოლო ლოკაცია კი სამხატვრო აკადემია იქნება და სტუდენტების ნამუშევრებით დაიხურება. ერთ-ერთ ლოკაციაზე არტისტერიუმის ვიდეოარქივის ჩვენებაცაა დაგეგმილი.

წელს არტისტერიუმში 60-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობს. მთლიანობაში, 16 წლის განმავლობაში, პლატფორმამ 1000-მდე ქართველმა და უცხოელმა მხატვარს უმასპინძლა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა დღეს გაიხსნა და 2 ოქტომბერს დაიხურება.

დღის ამბები