დღემდე, ბარიატრიული ოპერაციები იმ სამედიცინო დაწესებულებებშიც კეთდებოდა, სადაც ამის კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნდათ. ხშირად ოპერაციებს წონის კორექციის ქირურგიაში ნაკლებად გამოცდილი და ახალბედა ექიმები ატარებდნენ. იყო გართულებული შემთხვევებიც. ჯანდაცვის სამინისტრომ არსებულ რისკებს გადახედა და პროტოკოლი მთლიანად შეცვალა. ახალი სტანდარტის მიხედვით, ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ ის სამედიცინო პერსონალი განახორციელებს, ვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარიატრიის, მინიმუმ, 30 ოპერაცია მაინც აქვს ჩატარებული .
ბარიატრიული ოპერაციის გასაკეთებლად მხოლოდ პაციენტის სურვილი საკმარისი აღარ იქნება. ახალი წესის მიხედვით, პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი და თანმხლები დაავადებები. ლაბორატორიული კვლევებისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ქირურგიული ჩარევის საჭიროებას მულტიდისციპლინური გუნდი გადაწყვეტს. ოპერაციის რეკომენდაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, ვისაც პირველი ხარისხის სიმსუქნე აღენიშნება და ვერ ახერხებს წონის კლებას არაქირურგიული მეთოდებით.
ახალი სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ბარიატრიული ქირურგიის ასოციაცია. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ახალ პროტოკოლში გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები..
მულტიდისციპლინური გუნდი უკვე ჰყავს კლინიკების ნაწილს. "ნიუვიჟენმა" ბოლო ორ თვეში, დაახლოებით, 25 ბარიატრიული ოპერაცია ჩაატარა. დირექტორი მირზა ხინიკაძე ჯანდაცვის ახალ გადაწყვეტილებას იწონებს და ყურადღებას ბარიატრიის პოსტოპერაციულ რისკებზე ამახვილებს .
ახალი პროტოკოლის თანახმად, ბარიატიული ოპერაცია მრავალპროფილურ კლინიკებში უნდა ჩატარდეს. სამედიცინო დაწესებულებებმა სანებართვო პირობები 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ და ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ.