მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში, კრიტიკულად სოფელი ჩოჩხათი რჩება.
"კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი, გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი.
ამ ეტაპისთვის კრიტიკული რაც არის, ესაა მოსახლეობის გამოყვანა საშიში ლოკაციებიდან, გზების სრულყოფილად გაწმენდა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შემდეგი სამუშაოებისთვის," - აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.