26 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპების შენელებაზეც საუბრობს - როგორია ვითარება ომის 563-ე დღეს ფრონტის ხაზზე

ომის 563-ე დღე კრივი რიჰში მძიმედ დაიწყო. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 60-მდე ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. ოკუპანტის სამიზნე პოლიციის შენობა გახდა, რომლის ნანგრევებშიც ათობით ადამიანი მოყვა, თუმცა რეაგირება სწრაფი იყო.3 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ხერსონში, იყო დარტყმები სუმის ოლქშიც. ბოლო კვირაში გაძლიერებული სამხედრო აქტიურობა შეინიშნება რუსეთის მიერ დაკავებულ ზაპოროჟიეში, სადაც აფეთქებების ხმა ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ამ დრომდე ისმის. კიევი მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზზე ახლა ინიციატივა მათ ხელშია, ამიტომ კონტრშეტევებს აგრძელებენ.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახლა საკუთარი ნაწილების ჩრდილოეთით გადატყორცნითაა დაკავებული. მათივე ვარაუდით, ამგვარი დისლოკაცია იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთის თავდაცვით ხაზებზე გამაგრებულ დანაყოფებზე დიდი დატვირთვა მოდის, განსაკუთრებით კი, რაბოტინოს მიმდებარედ. ამასთან, ასეთი გადაადგილებები რუსულ ჯარს საკუთარი შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობებს უზღუდავს,რაც უკრაინის ინტერესებშია. მიუხედავად ტაქტიკური წინსვლისა, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომი შენელდა. მისივე თქმით, გართულებული და შენელებულია სხვა თანმდევი პროცესებიც, განსაკუთრებით კი ის პაუზა გახანგრძლივდა, რომელიც სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პარტნიორებში შეინიშნება.

ზელენსკი შენელებაში უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებასაც გულისხმობდა, რომელთაგანაც ყველაზე მეტად ახლა შორიმანძილის ეფექტური საშუალებები ესაჭიროებათ.უკვე ცნობილია, რომ გერმანიის, დანიისა და ნიდერლანდების მიერ შეპირებული "ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკრაინაშია. ცნობილი ხდება, რომ უკრაინის შემდგომი დახმარების პაკეტში ამერიკა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებს შეიტანს. პენტაგონმა დამატებით 600 მილიონი დოლარი გამოყო,უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.თუმცა ეს არ ნიშნავს დაუყოვნებლივ მიწოდებას, ამიტომ უკრაინა რამდენიმე თვე არსებული რესურსით იმოქმედებს. მათ რესურსებს ემატება მტრის საბრძოლო ტექნიკაც, რომელიც ორთაბრძოლების დროს ჩაიგდეს ხელში და მათსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინს იარაღის მიწოდებაზე დასთანხმდა. Financial Times-ის ინფორმაციით, ფხენიანს მოსკოვის საბრძოლო მასალით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითა და მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტებით მომარაგებაც შეუძლია - მარცვლეულის, ნავთობის ან სამხედრო ტექნოლოგიების სანაცვლოდ. პუტინი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას სექტემბრის უახლოვეს დღეებში გეგმავს. ჯაკარტაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფორუმზე ჩასულმა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ამგვარ პერსპექტივას უკვე უწოდა შეცდომა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდ.კორეაში ივლისში იმყოფებოდა, რათა მათგან სამხედრო დახმარება ეთხოვათ. ამ ომში ჩრდ.კორეა რუსეთის პირდაპირი მხარდამჭერი არ ყოფილა, თუმცა "ვაგნერს" რაკეტებით და არტილერიით ამარაგებდა. ამის გამო ფხენიანმა ამერიკული სანქციებიც კი დაიმსახურა. თავად ულიდეროდ დარჩენილი "ვაგნერის" მომავალი კი ახლა გაუგებარია, დაქირავებული მებრძოლების მიღება კომპანიას შეჩერებული აქვს.

 

დღის ამბები