26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
დაშლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში და მინუს 6 ადამიანი "ნაციონალურ მოძრაობას" - რით ხსნის მოქმედი მენეჯმენტი პარტიის რღვევას

შიდაპარტიული დევნისა და არაფორმალური მმართველობის მიზეზით, პარტია ამჯერად ვანო მერაბიშვილის მშობლიურ მხარეში დატოვეს. ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს. წავიდნენ პარტიიდანაც და ფრაქციიდანაც. შედეგად, ახალციხის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა. პარტიის უკვე ყოფილი ზოგიერთი წევრი დღეს ნანობს იმას, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მხარი ლევან ხაბეიშვილს დაუჭირა.

ფრაქციის წევრების მიმართვა საკრებულომ უკვე დააკმაყოფილა. ახალციხის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, საკრებულოში მუშაობას, რეალურად, უკვე დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ფრაქცია დაეშალათ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკრებულოებში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვანი არ არის. ლევან ხაბეიშვილის გუნდი პარტიაში არც არაფორმალურ მმართველობას აღიარებს და არც თავმჯდომარის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს იღებს. ისინი საბოტაჟში პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილ წევრებს ადანაშაულებენ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რომ ერთიანობის პერსპექტივა აღარ არის, ამაზე პოლიტიკურ სპექტრში თითქმის უკვე ყველა თანხმდება. პარტიაში დაპირისპირებების მორიგი ტალღა აღარავის უკვირს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ რეპრესიების მიზეზით კადრების გადინება, არაფორმალური მმართველობის და ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, "ნაციონალური მოძრაობისთვის" უფრო ბუნებრივი მოვლენა გახდა.

ახალციხემდე, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ბილეთები დადეს ადიგენშიც და ახმეტაშიც. ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებების გამო, უკმაყოფილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პარტიის არაერთმა წევრმა საჯაროდაც გამოთქვა. ამ ფონზე, სავარაუდოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების პროცესი ისევ გაგრძელდება.

დღის ამბები