26 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
თბილისი ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია- როგორი იყო ჯოზეფ ბორელის 2-დღიანი ვიზიტი და როგორ გაიგო მისი გზავნილები პოლიტიკურმა სპექტრმა

ჯოზეფ ბორელის 2-დღიანი ვიზიტი და განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" იმის დასტურია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გარდაუვალია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება მზადაა, რეკომენდაციების ნაწილში, პრობლემები აღმოფხვრას, თუმცა, ამის მზაობას ოპოზიციაში ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ოპოზიცია ჯოზეფ ბორელის გზავნილებს სკეპტიკურად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილებმა დაადასტურა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მმართველმა ძალამ არასაკმარისად იმუშავა. მათი თქმით დეპოლარიზაციის შესრულება, რაზეც ევროკომისარმაც ისაუბრა, "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია მხოლოდ ოპოზიციის ჩართულობით შესრულდება. ეს კი, მათი თქმით, რთულია იმ ფონზე, როცა ოპონენტების ნაწილი რეკომენდაციებთან დაკავშირებულ არცერთ შეხვედრაში არ მონაწილეობდა. "ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის გზავნილებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. ოფიციალური შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის დეპუტატებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, იყო პრესკონფერენციაც, სადაც, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით კარგად მუშაობს და ეს წარმატებული თანამშრომლობა ევროკომისრის თქმით, აღნიშვნას იმსახურებს. სანქციების საკითხთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირების მიერ, თვეების განმავლობაში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა - ეს ფაქტი პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმაც აღნიშნა. პრემიერმა გაიხსენა სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში და მათი განცხადებები, რომ ქვეყანაში სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა.

პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ბორელმა "რუსთავი 2-ის" შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, აღინიშნა ისიც, რომ რეკომენდაციების შესრულება, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მთავარი წინაპირობაა. პრემიერმა კი განაცხადა, რომ სტატუსისთვის ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მაშინაც იმსახურებდა, როდესაც ეს უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ. ჯოზეფ ბორელმა ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში სტუმრობით დაასრულა.

დღის ამბები