26 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდმა იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე შეაგროვა - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი ახლა იმ განცხადების გამო გახდა, რომელიც ზურაბიშვილმა გუშინ, შეუთანხმებელი ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ იმპიჩმენტის საკითხზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლით მანიპულირებს, რადგან ეს მუხლიც კი მისი თქმით, ქვეყნის მთავარსარდალს ავალდებულებს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილის ყველა ქმედება და მისი მხრიდან კვლავ უნებართვო ვიზიტების დაანონსება მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ დოკუმენტს პატივს არ სცემს.

ის, რასაც "ქართული ოცნება" მანიპულაციას უწოდებს, არასერიოზულია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სწორად მოქმედებს, რადგან ახლა, მათი თქმით, ყველაზე მთავარი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ოპოზიციის აზრით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ევროპაში გამგზავრება, მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი იყო.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ყველა ბერკეტის გამოყენება საჭიროა, სწორედ ამიტომ, ისინი სალომე ზურაბიშვილის ქმედებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

საქართველოში დაბრუნებული პრეზიდენტი მის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის საკითხს, გუშინ პირველად გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ კონსტიტუციას არ არღვევს და მეტიც მსგავსი შეხვედრები სხვა მაღალი თანამდებობის პირებთანაც დააანონსა.

სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არამხოლოდ 52-ე მუხლი დაარღვია და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში გაემგზავრა, არამედ, ახლა 78-ე მუხლით ინტერპრეტირებს . ”ქართული ოცნების” თქმით, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი გულისხმობს, რომ ევროპულ ინტეგრაციას ყველა ინსტიტუტმა ხელი თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეუწყონ. პრეზიდენტის უფლებამოსილება კი ასევე კანონითაა განსაზღვრული და მას მთავრობის ნებართვის გარეშე საგარეო პოლიტიკის წარმოება ეკრძალება - ამის მიუხედავად, ვიზიტების გამართვა ევროპაში, მმართველი პარტიის თქმით, კონსტიტუციის აშკარა უგულებელყოფაა, რასაც რეაგირება სჭირდება.

სახელისუფლებო გუნდმა იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე მოაგროვა, ახლა საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება.

დღის ამბები