26 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
რა გზავნილებით ჩამოვიდა ევროკაშვირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში - ბორელის ორდღიანი ვიზიტის დეტალები

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო ახლა უფრო რთულ და სერიოზულ მოცემულობაში იმყოფება და ქვეყანა სამართლიან მოპყრობას ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ღიად უთხრა, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, საქართველოსთვის კი უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს პირისპირ შეხვედრაზეც ვრცლად ესაუბრა. ითქვა რომ რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ფაზაშია. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების პროცესის გაგრძელების მიმართ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას. ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც. ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჯოზეფ ბორელისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ირაკლი ღარიბაშვილს რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია. თუმცა მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ მმართველი ძალის ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა ახსენა ამ დროისთვის შეუსრულებლად მიჩნეული ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია.

საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ერთ-ერთი საკითხი იყო პრემიერისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბრიფინგზე, რასაც ჯოზეფ ბორელიმ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია უწოდა. იქვე აქცენტი გააკეთა იმ ფაქტზე რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით კარგად მუშაობს.

სანქციების საკითხთან დაკავშირებით რომ კონკრეტული პირების მიერ, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია - ეს ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილმაც გაიხსენა.

საქართველო რომ ევროკავშირთან ახლა ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ეს ჯოზეფ ბორელმა ბევრჯერ აღნიშნა. ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ და მკაფიოდ გაიმეორა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ევროკავშირის დროშები უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჯოზეფ ბორელს არც იმ ვახშამზე, რომელიც მის პატივსაცემად მთაწმინდაზე გაიმართა. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ირაკლი ღარიბაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა და თბილისის ხედები დაათვალიერებინა.

დღის ამბები