გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.
ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება კი ამ ეტაპზე არ არის.
„გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესები, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეულობით სოფლის მისასვლელი გზები. ასევე სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, ერთ-ერთ სოფელში, ნგრევის შედეგად მოხუცი ქალბატონი მოყვა სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდის ცხედარია ნაპოვნი, ერთ-ერთ სოფელში და გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება. მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, ასევე პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დრომდე შემოსულია 400-ზე მეტი შეტყობინება, ზოგი ერთმანეთის იდენტურია. მიმდინარეობს თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება. ძირითადად, ეს არის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვებთან დაკავშირებული შეტყობინებები, სადაც უკვე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოტუმბვით სამუშაოები მიმდინარეობს. 50-მდე მაცხოვრებელი საფრთხის შემცველი ზონებიდან უსაფრთხო ადგილებზეა გამოყვანილი.
ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც, ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო. ვერტმფრენი იყო მობილიზებული, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა, მაგრამ საჭიროება ვერტმფრენის ჩართვის არ დადგა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.