26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახის კარი გაგვიღონ" - როგორ აფასებს ოპოზიცია ბორელის გზავნილებს

ბრიუსელიდან ბორელის მიერ ჩამოტანილ გზავნილებზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ოპოზიცია ხელისუფლებას რიტორიკას უწუნებს და  ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს.

"იმ პირობებში, როდესაც მურუსიძის სასამართლოა, ჩვენ ევროპაში არავინ გველოდება. ამასობაში, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალინ ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი პირიქით ამბობდა. როდესაც ვსაუბრობთ რეკომენდაციებზე - 12-დან 9 რომ შეუსრულებელია, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის რაღაც "პტიჩკების" გაკეთება, ეს არის შინაარსობრივად დემოკრატიული საქართველო,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ბორელის გზავნილი შეაფასა გიორგი ვაშაძემ და განაცხადა, რომ მისი მთავარი მოწოდებაა, ინიციატივა საკუთარ თავზე ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ აიღოს:

"ყველა შეხვედრაზე, ყველა განცხადებაში ბატონი ბორელი ამბობს, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აიღოს. შემოიტანეთ კანონები, რომელიც მართლმსაჯულებას გაასწორებს, დეოლიგარქიზაციას მოახდენს, მედია გარემოს, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს, 12 პუნქტს შეასრულებს და ჩვენი მხარდაჭერა ყველა კანონს ექნება.

12 პუნქტიდან 9 პუნქტი შეუსრულებელია. პარლამენტში უმრავლესობა რომ მქონდეს, მე მათ შესრულებას ოპოზიციას სულ არ დავეკითხებოდი, ყველაფერი პირნათლად შესრულებული იქნებოდა,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ  12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" უნდა დაეკისროს. 

"ევროპელების სურვილი ცხადია, რომ ჩვენ გადაგვარჩინონ რუსეთის გავლენას და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახის კარი გაგვიღონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რა რეკომენდაციაც იქნება ჩვენი პარტნიორებისგან ის შევასრულოთ, თუნდაც ამისთვის საჭირო გახდეს რაიმე ჩვენთვის უაზრო კანონის მხარდაჭერა, ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით გვინდა სრული პასუხისმგებლობა დავაკისროთ "ქართულ ოცნებას","- აცხადებს იაგო ხვიჩია. 



 

 

 

დღის ამბები