26 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, პირიქით მოიმატა, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად არის ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

"რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის კომპლექსური და ძალიან რთული საკითხი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არის განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ. სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ჩვენ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებითა და გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი - ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია, აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები