სტამბოლში, თურქეთის ყველზე დიდი ქალაქში, დამანგრეველი სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. წყლის მძლავრი ნაკადისგან თავის დაღწევაში, ერთმანეთს ადგილობრივები ეხმარებიან. წყალდიდობის შედეგად, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავდა ათობით ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
სტამბოლის გარდა, წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქირქლარელს, ბურსას და ანკარას. დანგრეულია ხიდები და გზები. დატბორილია სახლები და ბიზნესობიექტები, განადგურებულია ათობით მანქანა. მთავრობა დაზარალებულებს ერთჯერადად, 140 ათასი ლირით დაეხმარება.
წყალდიდობაა საბერძნეთის დედაქალაქ ათენშიც, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ.
დამანგრეველ სტიქიას ებრძვის პილონის რეგიონი, ტურისტული კუნძული სკიათოსი და ქალაქი ვალოსი. მაშველებმა უსაფრთხო ადგილას ასობით ადამიანის ევაკუირება შეძლეს. ზოგიერთ რაიონში წყლის დონე 2 მეტრს აჭარბებს. სტიქიის ზონაში, ზოგან პოლიციამ მოძრაობა აკრძალა.
უმძიმესი ზარალი მიადგა ბულგარეთსაც. ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე 4000 ადამიანი დაზარალდა. დაიტბორა სახლები და სავაჭრო ობიექტები. დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაკარგულები. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სტიქიას ებრძვის ესპანეთიც. უხვმა ნალექმა ქვეყანაში მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია. დაიღუპა 2 ადამიანი. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. სტიქიის ზონაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული ან პარალიზებულია. წყალმა მანქანები და ნაგვის ურნები წაიღო. უამინდობამ ყველაზე მეტად ტოლედო და მადრიდი დააზარალა.