26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - "ქართულმა ოცნებამ" 50 ხელმოწერა, პრაქტიკულად, უკვე შეაგროვა

პარიზიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაწყებული დახვდა. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე საჭიროზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

50 ხელმოწერა პრაქტიკულად შეგროვებულია - ახლა ეს დოკუმენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც, 1 თვის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში გამგზავრებით, კონსტიტუცია. იქამდე სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას იტყვის, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკითხს კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს და იმპიჩმენტის პროცედურა, მმართველი გუნდის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გზავნილია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები დღეს იმასაც ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელია ”ქართულმა ოცნებამ”, იმპიჩმენტზე უარი თქვას.

ოპოზიციის ვარაუდს არასერიოზულად აღიქვამს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა მძიმე ფაქტია, ამაზე თვალის დახუჭვა კი, მათი თქმით, სწორედ მათ რეპუტაციას დააზიანებს.

იმპიჩმენტს საკანონმდებლო ორგანოში 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, ხმების ეს რაოდენობა "ქართულ ოცნებას" არ აქვს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას, მხარს მხოლოდ უმრავლესობა და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ. ოპოზიცია იმპიჩმენტის მომხრე არ არის, მიაჩნია, რომ ეს პროცესი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის საზიანოა.

"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მმართველი ძალა კონსტიტუციიდან გამომდინარე მოქმედებს. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად ევროპაში გამგზავრებით, კანონი დაარღვია და ამაზე რეაგირება აუცილებელია. მათივე თქმით, იმპიჩმენტის პროცესი იმ საერთო ინტერესსაც გამოააშკარავებს, რომელიც მოქმედ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არსებობს.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, სადაც სარჩელი უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

დღის ამბები