26 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
სტრასბურგის განაჩენი ნიკა მელიას საქმეზე - იყო თუ არა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის დაკავება უკანონო და დაირღვა თუ არა მისი უფლებები

მმართველი გუნდი ნიკა მელიას სარჩელზე საუბრობს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს ინსტანციაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სასამართლოს სთხოვდა დაედგინა რომ 2021 წელს მისი დაკავების დრო ორი მუხლი დაირღვა და რომ მისი დაპატიმრება იყო არაკანონიერი და ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს. მელია ერთ-ერთ არგუმენტად მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - გიორგი გახარიას გადადგომასაც ასახელებდა. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნის თქმით, გადაწყვეტილება სარჩელის სიყალბესთან ერთად, გახარიას პოსტიდან წასვლის რეალურ მიზეზსაც ააშკარავებს.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი დღეს გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მელიას საქმის არცერთ კონტექსტში სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური შევიწროების ნიშანი არ იკვეთება.

მელიას ფლანგის დუმილის გამო, პარტიიდან განდგომილი ყოფილი თავმჯდომარის დაცვა, დღეს "ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტს მოუწია. ისინი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ და არასასურველ შედეგს ადვოკატების არაკვალიფიციურ მუშაობას აბრალებენ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას, დღის ბოლოს მხოლოდ "ფეისბუკსტატუსით" გამოეხმაურა თავად ნიკა მელია. პოლიტიკოსმა ვერდიქტის შინაარსობრივ მხარეზე არაფერი თქვა და მხოლოდ "ქართული ოცნების" კრიტიკით შემოიფარგლა.

2021 წელს, ნიკა მელიას დაკავებას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში რამდენიმე დიპლომატი თუ პოლიტიკოსი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა და მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავდა. დღეს მმართველი გუნდის წევრებმა, აქცენტი მათი მხრიდან ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც გააკეთეს. "ქართულ ოცნებაში" არც გიორგი გახარია დავიწყებიათ. თქვეს, რომ ექსპრემიერის გადადგომა, მაშინ სწორედ "ნაცმოძრაობის" ინტერესებს ემსახურებოდა.

გიორგი გახარიას გუნდში დღეს ამტკიცებენ, რომ გახარიას გადადგომის მიზეზი მელიას საქმე არ გამხდარა. პარტია "საქართველოსთვის" წევრები სტრასბურგის განაჩენის შემდეგ, ლიდერის გადაწყვეტილებას კვლავ მართებულს უწოდებენ და 2019 წლის 20 ივნისის საქმის ამნისტირების გამო, "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ.

მორიგ საქმეს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა, დღეს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაშიც გამოეხმაურნენ. სტრასბურგში მოპასუხე უწყებებში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, სამართალდამცავი უწყებებისა და სასამართლოს მიუკერძოებლობა დაადასტურა.

სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი დღეს გასაჯაროვდა. ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, მეორეა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიდან, რომელსაც სტრასბურგმა პოლიტიკური დევნა არ დაუდასტურა.

დღის ამბები