26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, იუსტიციის სამინისტროში კომენტარი გაკეთდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროპის კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, დადასტურდა რომ ნიკა მელიას დაკავება და მისი პატიმრობა იყო კანონიერი.

"სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ 2019-2921 წლებში ნიკანორ მელიას დაკავება და მისი პატიმრობა იყო კანონიერი და ევროპულ კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში. ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება, თითქოსდა მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის წარდგენილ სამართლებრივ არგუმენტებს, მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ ნიკანორ მელიასთან მიმართებით ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა.

"როგორც ცნობილია, ნიკანორ მელიას 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობისთვის და ამგვარ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ცალსახად დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმე ნიკანორ მელიას მიმართ ეფუძნებოდა მხოლოდ სანდო მტკიცებულებებს და მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მართლმსაჯულების მიკერძოებულობის თაობაზე," - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე - "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ", სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინა ორი მუხლის დარღვევა - რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და რომ ეს იყო პოლიტიკური ხასიათის. სასამართლომ არც ერთ დარღვევა არ დაადგინა.

დღის ამბები