26 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
"მთავარი კითხვას არ სვამენ - სახელმწიფოს ხარჯით? არა სახელმწიფოს ხარჯით არა, დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ და უკანონო თუ იქნა რამე, შემდეგ გააკრიტიკეთ" - მდინარაძე პრემიერზე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, მამუკა მდინარაძე ეხმაურება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ პრემიერი კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით - შეერთებულ შტატებში.

"80 ათასი დოლარი საიდან მოიტანეთ, არ ვიცი. მეორე, რომ მალავდა, არასწორია, იმიტომ რომ კერძო ვიზიტების შესახებ ინფორმაციას ასე არავინ არ აქვეყნებს და მესამე, მოდი გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში. სოციალურ ქსელში შევიხედე 5 წუთით და ზოგს ჰგონია, ჩარტერული რეისით აშშ-ში გადაფრინდა. არის ასეთი მოცემულობა, რაც გავარკვიე კომუნიკაციის შედეგად: კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა ევროპაში შვილთან ერთად, რომელიც სასწავლებლად წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში.

ეს ისეთი თემაა, პერსონალურ მომენტებსაც შეიცავს და ჩარტერში 20 ადამიანი იჯდა თუ მარტო იჯდა მისი შვილი, ეს კითხვა არ დამისვამს. აქ მთავარი კითხვა არის - საკუთარი ხარჯით წავიდა, ოჯახის ხარჯით წავიდა თუ წავიდა სახელმწიფოს ხარჯით. ნამდვილად არ ვიცი, ჩარტერში რამდენი ადამიანი იყო, ხარჯები გაყვეს, როგორ იქირავეს, როგორ გააფორმეს ხელშეკრულება, რა მოლაპარაკება იყო და ა.შ. ეს დეტალები არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯი იქნება გაწერილი და ეს გაწერილი ხარჯი შევა დეკლარაციაში.

ჩემი აზრით, ეს ჩანს ხელისგულზე, ვერ აიტანეს ვიღაცებმა ის, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს. ამ ქვეყნის პირველი პირი, იცით, რომ ჩარტერით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს და უამრავი ასეთი ამბავი გვაქვს და ამის გადასაფარად, ათწლეულის შემდეგ და მეტია კიდევ გასული, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რატომ გაფრინდა (ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით)? ვერც ის აიტანეს რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა.

მთავარი კითხვას არ სვამენ - სახელმწიფოს ხარჯით? არა სახელმწიფოს ხარჯით არა. დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ და უკანონო თუ იქნა რამე, შემდეგ გააკრიტიკეთ რამდენიც გნებავთ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები