26 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო - შალვა პაპუაშვილი

სამართალი ნელა, მაგრამ მაინც იმარჯვებს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა ნიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო.

"ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულად ცხადი გახადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ფორმალური თავმჯდომარის, მელიას დაპატიმრება 2021 წლის თებერვალში სამართლიანიც იყო და ლეგიტიმურიც. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები არ დარღვეულა, მელიას დაპატიმრება იყო სამართლიანი და არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას.

ეს ცხადი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის, რომლის ვერდიქტებიც, ბოლო რამდენიმე შემთხვევაში, სრულად დაადასტურა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.

გადაწყვეტილებამ, ასევე, გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო. ამ უსაფუძვლო კრიტიკამ, საუბედუროდ, ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ არასწორი აღქმების დაუსრულებელი და თვითგანახლებადი ტალღის წარმოშობას.

და ბოლოს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ მელიასებრ რადიკალებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ და კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია გამოიწვიონ.

იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და ქმნის არასწორ აღქმებს, ხოლო მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებები პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და პოლიტიკურ კლიმატსაც უფრო ამძიმებს. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების გამო," - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

დღის ამბები