26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კანონებს, თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს მძიმე და დამაზიანებელია ხვალინდელი დღისთვის - კახა კალაძე

მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად აქვს. მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ავთენტურობას დაადგენს, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების კონსტიტუციის ზედმიწევნით დაცვა ყველაზე მეტად მოეთხოვებათ.

"ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქცია, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი. ქალაქის მერს აქვს თავისი ფუნქცია, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, ასევე პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პრეზიდენტს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, თუ ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის აღრევა, არაფერი არ გამოვა. პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა, ევროპელობა გვინდა და ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ, მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არ სცემს პატივს," - აცხადებს კახა კალაძე.

ინიციატივას ასი დეპუტატის ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნას კი მხარს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ. ეს სულ 88 ხმაა. ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვების იმედი მმართველ გუნდს არ აქვს, თუმცა განმარტავენ, რომ პროცედურას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ალიანსს გამოააშკარავებს.

დღის ამბები