26 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
დედაქალაქის უმსხვილესი საცურაო კომპლექსი, უახლოეს მომავალში ისევ თბილისელების საყვარელ ადგილად იქცევა - პროექტი შემუშავებულია და "ლაგუნა ვერეს" აუზი ძველი იერსახით შენარჩუნდება

დედაქალაქის უმსხვილესი საცურაო კომპლექსი, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციო სივრცე იყო, უახლოეს მომავალში ისევ თბილისელების საყვარელ ადგილად იქცევა. სულ მალე, ქალაქის ისტორიულ სივრცეში, მოქალაქეები გამაჯანსაღებელი კომპლექსით სარგებლობას ისევ შეძლებენ. პროექტი უკვე შემუშავებულია, რომლის მიხედვით, ლაგუნა ვერეს აუზი ძველი იერსახით შენარჩუნდება. ავთენტური იქნება აბრეშუმის ქარხნის შენობაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს ქმნის.

ლაგუნას განაშენიანება და მასთან ერთად კიდევ 3 მასშტაბური პროექტი რომ გენერალურ გეგმას შეესაბამება, ამას ადასტურებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც. ასევე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ მათი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარე ოპონენტებს პროექტების სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს, რადგან ოპოზიცია ლაგუნა ვერეს განაშენიანებას მხარს არ უჭერს.

ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძე ამბობს, რომ კონკრეტული პარტიების მიზანი, ქალაქის განვითარების პროცესისა და ქვეყნის ეკონომიკური აქტივობების შეფერხებაა. თბილისის მერმა ოპოზიციას ისიც შეახსენა, რომ ხელისუფლება ბიზნესს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

კალაძის ინფორმაციით, ყველა პროექტი დადგენილი ურბანული და რეკრეაციული სტანდარტებით ხორციელდება, სავალდებულოა ტერიტორიაზე პარკების მოწყობა. ლაგუნა ვერეს რეაბილიტაციის პროექტში მწვანე სივრცეების მოცულობა 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. ლაგუნა სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე აუქციონის წესით გაასხვისა. და პროექტს ახლა ახალი ინვესტორი ახორციელებს

დღის ამბები