26 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა პროცედურები უნდა გაიაროს "ქართულმა ოცნებამ", სანამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება

უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ევროპაში განაგრძობს. შეუთანხმებელი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. დღეს, მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა.

"ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი არა ახლა, არამედ მაშინ იყო, როდესაც პირველ ეტაპზე საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდებოდა.

სწორედ კონსტიტუციის დარღვევის გამო უჩივის სახელისუფლებო გუნდი ქვეყნის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში. იქამდე, სანამ სარჩელი ბათუმში გაიგზავნება, ჯერ საკითხი პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა უნდა განიხილოს. 50 ხელმოწერა, რომელიც ტექნიკური პროცედურის დასაწყებად საკანონმდებლო ორგანოს სჭირდება, უკვე არის, ახლა პარლამენტმა კომიტეტის სხდომა უნდა ჩანიშნოს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მომხრეები ჯერ მხოლოდ მმართველ პარტიასა და "ევროპელ სოციალისტებში" ჰყავს. ოპოზიცია ზურაბიშვილის ვადამდე გადაყენებას მხარს არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მათი მტკიცებით, პროცესს ყველაზე მეტად მმართველი ძალა აზიანებს.

სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად ევროპაში გამგზავრებით, კონსტიტუცია დაარღვია. ”ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცესი მოქმედ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არსებულ საერთო ინტერესსაც გამოააშკარავებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ რომ მიზანი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარია.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, მიმართვა სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

დღის ამბები